„მე განვკურნავ [მათ]“, ლიახონა, თებერვალი, 2025.
ყოველთვიური გზავნილი, ლიახონა, თებერვალი, 2025
„მე განვკურნავ [მათ]“
მაცხოვრის სამკურნალო მსახურება არის ღვთაებრივი მომზადება და დაპირება ხანგრძლივი ფიზიკური და ემოციური განკურნებისა, რომელიც მოვა თითოეულ ჩვენგანთან აღდგომისას.
დღესაც ცოცხლად მახსოვს რამდენიმე ხანგრძლივი ფრენა, რომელიც როგორც ავიაკომპანიის კაპიტანმა განვახორციელე ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში.
ერთ-ერთი ფრენის დროს, ავფრინდებოდი ხოლმე გერმანიაში დილის11:00 საათზე და კალიფორნიაში დავეშვებოდი იმავე დღის 13:00 საათზე. ადგილობრივი აფრენისა და დაშვების დროების შედარებისას, ადამიანს შეიძლება მოეჩვენოს, რომ ფრენას ატლანტის ოკეანესა და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტს შორის მხოლოდ ორი საათი სჭირდებოდა. ბოინგი 747 სწრაფი იყო, მაგრამ არც ასეთი სწრაფი! სინამდვილეში, 9000 კმ-ის გასავლელად, ქარის გათვალისწინებით, დაახლოებით 11 საათი გვჭირდებოდა.
იმის გამო, რომ ჩვენ მივფრინავდით დასავლეთის მიმართულებით, მზე არასდროს ჩადიოდა ჩვენი ფრენის დროს. მთელი გზა გერმანიიდან კალიფორნიამდე დღის სინათლით ვტკბებოდით.
გერმანიაში დაბრუნება კი სულ სხვა ამბავი იყო. მაშინაც კი, როცა ადრე ნაშუადღევს ავფრინდებოდით, როცა აღმოსავლეთისკენ მივფრინავდით, მზე გაცილებით უფრო მალე ჩადიოდა, ვიდრე ჩვეულებრივ, და თვალის დახამხამებაში უკვე ღამე იყო.
ამ გრძელი ფრენების დროს, ჩემი სული ხშირად აღივსებოდა მოწიწებით, როცა ვფიქრობდი დედამიწის სილამაზეზე და ღვთის ქმნილების წესრიგზე. ღამით ფრენისასაც კი, უკუნ წყვდიადში, დარწმუნებით ვიცოდი, რომ მზე კვლავ ამოვიდოდა, რომ კაშკაშა შუქი დაბრუნდებოდა და ჩვენი მოგზაურობის დასრულებამდე ახალ დღეს სითბოს და სიცოცხლეს მოუტანდა. ჩემი ფრენის გარემოებების გამო, შეიძლება ჩანდა, რომ მზე უფრო ნელა ან უფრო სწრაფად ჩადიოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ მზე ისევ ისეთი მუდმივი, ურყევი და საიმედო იყო ზეცაში.
მე იმავეს ვგრძნობ ღმერთის მიმართ. იმის გამო, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული ღმერთის სიბრძნესა და განზრახვაში მის მთელ ქმნილებასთან დაკავშირებით, მე შემიძლია ვიგრძნო სიხარულით აღსავსე იმედი და მუდმივი მშვიდობა, როდესაც ვფიქრობ ჩვენს მიწიერ არსებობაზე. ჩვენ ღვთის შვილები ვართ. მას ვუყვარვართ. მან იცის ჩვენი გარემოებები. იგი მზად არის, დაგვეხმაროს. ეს ჭეშმარიტებები არ იცვლება, მაშინაც კი, როდესაც ჩვენ ირგვლივ სხვა რაღაცები არასტაბილური და არაპროგნოზირებადი ჩანს.
ჩვენ ყველანი განვიცდით სიბნელის, მწუხარებისა და გაურკვევლობის მომენტებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენს სიმშვიდეს. ძალიან მადლობელი ვარ ჭეშმარიტებისა და სინათლის სანდო და მართალი წყაროსთვის (იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 88:6–11). იესო ქრისტე არის სამყაროს ნათელი და სიცოცხლე. მისი და მისი გამომსყიდველი მსხვერპლის გამო, ჩვენ გვაქვს მომავლის იმედი, ღვთაებრივი სინათლის წვდომა, რათა გაანათოს ჩვენი მოგზაურობის ბნელი დღეები და გვაქვს ცოდვასა და სიკვდილზე საბოლოო გამარჯვების დაპირება.
„მას უყვარს სამყარო“
იესო ქრისტე იყო ერთადერთი სრულყოფილი ადამიანი, რომელსაც ოდესმე უვლია დედამიწაზე. მისი სრულყოფილი ცხოვრების გამო, მას არ ჰქონდა ვალი სამართლის წინაშე. ჩვენდამი სიყვარულის გამო, მან თავისი სიცოცხლე გასწირა სათითაოდ თითოეული ჩვენგანისთვის და ღვთის ყველა შვილისთვის ერთობლივად, რათა უკვდავებისა და მარადიული სიცოცხლისაკენ გაეღო კარი.
რაც არ უნდა სურდეს სატანას, რომ დავიჯეროთ, მხსნელს თითოეული ჩვენგანის ხსნა შეუძლია. არცერთი ჩვენგანი არ არის მოკლებული პატიების მადლს. არცერთი ჩვენგანი არ არის „მარადიულად მოქცეული მის სიყვარულით აღსავსე ხელებში.“ (2 ნეფი 1:15).
ეს უდიდესი ძღვენი გვეძლევა იესო ქრისტეს მიერ გამოსყიდვის ამამოქმედებელი და გამომსყიდველი ძალით. მხსნელის ტანჯვის გამო გეთსიმანიასა და გოლგოთაზე, მან იცის, როგორ დაგვეხმაროს და გვიხსნას ჩვენი ნებისმიერი და ყველა უძლურებისგან (იხილეთ ალმა 7:12).
„ის ისეთს არაფერს აკეთებს, რომ არ იყოს ამა ქვეყნისთვის სასარგებლო, რადგან მას ისე უყვარს ქვეყანა, რომ სიცოცხლესაც შესწირავს, რათა მოიზიდოს ყველა ადამიანი თავისთან“ (2 ნეფი 26:24).
იესო ქრისტე არის ჩვენი ძალა!
ის გვეხმიანება.
ის აღადგენს.
ის გვშველის.
„როდესაც მხსნელმა [გვიბოძა თავისი გამომსყიდველი მსხვერპლი] მთელი კაცობრიობისთვის, მან გახსნა გზა, რათა მათ, ვინც მას მიჰყვება, შეეძლოთ, ესარგებლათ მისი განმკურნებელი, განმამტკიცებელი და გამომსყიდველი ძალით“, თქვა პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა.
ეს ძალა, როგორც მზე, ყოველთვის ჩვენთან არის. არასდროს ირყევა. მხსნელის კვალდაკვალ მიყოლის არჩევანი ჰგავს ჩრდილიდან გამოსვლას და მზის შუქზე გასვლას, სადაც შეგვიძლია მივიღოთ ღვთის სინათლის, სითბოსა და სიყვარულის კურთხევა. მე ვიცი, რომ ერთ დღეს, გადავხედავთ წარსულს და ავივსებით მადლიერებით, რომ მივიღეთ მარადიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება, მივნდობოდით იესო ქრისტესა და მის ღვთაებრივ სიყვარულს, რომ აგვიტაცოს და გაგვაძლიეროს.
„[მობრუნდით]“
მორმონის წიგნი მოგვითხრობს ხალხზე, რომელმაც სამი დღე გაატარა ყველაზე უკუნ წყვდიადში მხსნელის ჯვარცმის შემდეგ. მათ ირგვლივ არსებული ფიზიკური სიბნელე შეიძლება იყოს იმ სულიერი წყვდიადის სიმბოლო, რომელსაც ყველა ჩვენგანი განიცდის ცოდვის გამო. შემდეგ ადამიანებს მოესმათ ქრისტეს ხმა, რომელიც მათ წყვდიადიდან გამოიხმობდა და თავის ნათელში იწვევდა:
„ნუთუ არ მობრუნდებით და არ მოინანიებთ თქვენს ცოდვებს და არ მოიქცევით, რათა შევძლო თქვენი განკურნება?“ (3 ნეფი 9:13).
„მომიტანთ მსხვერპლშესაწირად მოდრეკილ გულსა და მომნანიებელ სულს“ (3 ნეფი 9:20).
„მოინანიებთ და გულის მთელი მოწადინებით დამიბრუნდებით“ (3 ნეფი 10:6).
მაცხოვარი დღესაც იმავე მოწვევებს გვიგზავნის, როდესაც ჩვენ წყვდიადში დავიკარგებით ხოლმე. ისევე, როგორც ყოველი მზის ამოსვლა აღნიშნავს ახალი დღის დასაწყისს, ყოველ ჯერზე, როცა მოვინანიებთ, გვეძლევა ახალი, ნათელი დასაწყისი.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს იოლია. მონანიება ნიშნავს ცვლილებას და ცვლილება სწრაფად არ ხდება. მიუხედავად იმისა, რომ სასიხარულოა, მონანიება მოიცავს „[საღვთო წუხილს]“ (2 კორინთელთა 7:10). ის მოითხოვს, ვაღიაროთ და ღმერთთან ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები, ვითხოვოთ პატიება ღმერთისგან და მათგან, ვისაც შეიძლება ზიანი მივაყენეთ. ყველაზე მეტად, ის მოითხოვს, რომ ჩვენ ვეძიოთ „ყოვლისმპყრობელი უფლის [სული]“, რათა განვიცადოთ „… ჩვენს გულებში ძლიერი ცვლილება, რომ აღარ [გვქონდეს] სიბოროტის კეთების სურვილი, არამედ მუდმივად [გვქონდეს] სიკეთის კეთების სურვილი. (მოსია 5:2).
ასეთი ცვლილება ხანგრძლივ გზას მოითხოვს, მაგრამ როგორც კი პირველ ნაბიჯს გადადგამთ „თქვენი ხსნის დრო და დღე“ დაიწყება და „დაუყოვნებლივ აღსრულდება თქვენთვის გამოსყიდვის დიდი გეგმა“ (ალმა 34:31).
ჩვენი გულწრფელი მონანიებით ღმერთი გვპირდება, რომ გვაპატიებს და აღარ გაიხსენებს ჩვენს ცოდვებს. როდესაც გვიჭირს ჩვენი ცოდვების დავიწყება, ვეცადოთ, მივენდოთ უფლის პატიების დაპირებას და ვისწავლოთ სხვებისა და საკუთარი თავის პატიება.
„ჩვენი სულები ზიანდება, როდესაც ვუშვებთ შეცდომებს და ვცოდავთ“, ასწავლიდა პრეზიდენტ ბოიდ კ. პაკერი (1924–2015). „მაგრამ მოკვდავი სხეულისგან განსხვავებით, მონანიების პროცესის შემდეგ იესო ქრისტეს გამოსყიდვის გამო არ გვრჩება იარები“.
იესო კურნავს ბრმას, კარლ ჰაინრიხ ბლოხის მიერ
„აქ მოიყვანეთ“
მხსნელი არის მთავარი მკურნალი. მისი მკურნალობის ძალის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი დემონსტრირება გვხვდება მორმონის წიგნში, ძველ ამერიკაში მისი პირადი მსახურების შესახებ:
„არიან თქვენ შორის ავადმყოფნი?“ - იკითხა მან. „აქ მოიყვანეთ. არიან თქვენ შორის ხეიბარნი, ბრმანი ან კოჭლნი, დასახიჩრებულნი, კეთროვანნი ან ჩამომხმარნი, დაყრუებულნი ან რაიმეთი დაავადებულნი? აქ მოიყვანეთ, მე განვკურნავ, რადგან მოწყალებას ვგრძნობ თქვენ მიმართ, შიგნეულობა ჩემი წყალობით არის აღვსილი. …
„და იყო ასე, რომ როდესაც მან ეს წარმოთქვა, შეკრებილებმა ერთად მიიყვანეს თავიანთი ავადმყოფნი, გაჭირვებულნი და ხეიბარნი, თავიანთი ბრმანი და მუნჯნი და ყველანი, ვინც რაიმეთი დაავადებული იყო და მან განკურნა ყოველი მათგანი, როდესაც მასთან მიიყვანეს“ (3 ნეფი 17:7. 9).
ყოველ ჯერზე, როცა მხსნელი კურნავდა ვინმეს „რაიმეთი დაავადებულს“, როგორც მის აღდგომამდე, ისე მას შემდეგ, ეს იყო ჩვენი სულების განსაკურნებლად მისი უმაღლესი ძალის ჩვენება. ყოველი სასწაულებრივი განკურნება იყო მხოლოდ მომზადება და დაპირება ხანგრძლივი ფიზიკური და ემოციური განკურნებისა, რომელიც მოვა თითოეულ ჩვენგანთან აღდგომისას, რაც „უფლის განკურნების სრულფასოვანი აქტია“.
მართალია, ამ ცხოვრებაში განკურნებისთვის ჩვენს ლოცვებზე პასუხი ყოველთვის არ რის ისეთი, როგორც ჩვენ ვიმედოვნებთ, მაგრამ ისინი არასოდეს რჩება უყურადღებოდ. დადგება განკურნების დრო, ისევე როგორც ღამის სიბნელე ყოველთვის უთმობს ადგილს — შესაფერის დროს — მზის დიდებულ ამოსვლას.
როგორც პრეზიდენტმა ნელსონმა დაამოწმა: „ჩვენი რწმენა არასოდეს არის დაუფასებელი. ვიცი, რომ ყოვლისმცოდნე ზეციური მამის ხედვა უფრო ფართოა, ვიდრე ჩვენი. ჩვენ ვიცით ჩვენი მოკვდავი პრობლემებისა და ტკივილის შესახებ, ხოლო მან — ჩვენი უკვდავი პროგრესისა და პოტენციალის შესახებ. თუ ვილოცებთ მისი ნების შესაცნობად და მოთმინებითა და გამბედაობით დავემორჩილებით მას, ზეციური განკურნება შეიძლება, გვებოძოს მისივე გზითა და თავის დროზე“.
ახლახან მე და ჩემმა მეუღლემ, ჰარიეტმა, ჩვენს ლოცვებში შევიტანეთ განსაკუთრებული იმედი და ვედრება ზოგიერთი ჩვენთვის საყვარელი ადამიანების სახელით. ჩვენ ვლოცულობდით, რომ მათ ჯანმრთელობაზე მზრუნველ გუნდს მათი განკურნების განსაკუთრებული უნარი მიეღოთ. ჩვენ შთაბეჭდილებით აღვსილებმა დავამატეთ, რომ თუ მყისიერი განკურნება ან გამოჯანმრთელება ვერ მოხდებოდა, მხსნელის მკურნალობის ძალას მათთვის ნუგეში და მშვიდობა მოეტანა. მაცხოვრის გამომსყიდველი ძალის სამკურნალო ეფექტმა შეიძლება კიდევ უფრო დიდი გავლენა მოახდინოს ჩვენს ემოციურ, სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც კი, ვიდრე ნებისმიერმა მიწიერმა განკურნებამ, რომელიც ჩვენ შეიძლება მივიღოთ. იესო ქრისტე არის მკურნალი ამ ცხოვრებაში და მარადისობაში.
ჩემო ძმებო და დებო, ძვირფასო მეგობრებო, მე ვმოწმობ, რომ ჩვენი მხსნელის წყალობა საკმარისია თქვენი ჭრილობების განსაკურნებლად, ცოდვისგან გასაწმენდად, მომავალი განსაცდელისთვის გასაძლიერებლად და იმისთვის, რომ გაკურთხოთ იმედით, სიბრძნითა და მისი მშვიდობით. მისი ძალა ყოველთვის არის — მუდმივი და საიმედო — მაშინაც კი, როდესაც ჩვენ გარკვეული დროით ვგრძნობთ დაშორებას მისი სიყვარულისგან, სინათლისა და სითბოსგან.
მე ვლოცულობ, რომ არასოდეს დავკარგოთ მოწიწების გრძნობა და ღრმა მადლიერება ყველაფრისთვის, რაც იესო ქრისტემ ჩვენთვის გააკეთა. იცოდეთ, რომ თქვენ მას უყვარხართ და გახსოვდეთ, რასაც ის დაგპირდათ სამარადისოდ.
„დაე, ღმერთმა გიბოძოთ, რომ თქვენი ტვირთი შემსუბუქდეს, მის ძეში [იესო ქრისტეში] სიხარულით“, ალმა 33:23).
© 2025 Intellectual Reserve, Inc. ყველა უფლება დაცულია. Printed in USA. English approval: 6/19. Translation approval: 6/19. Translation of Monthly Liahona Message, February 2025. Georgian. 19609 131