„იესო ქრისტე არის „ცოცხალი“, „მყარი“ და „უფრო დიდი იმედის“ წყარო“, ლიახონა, დეკემბერი, 2024.
ყოველთვიური გზავნილი ჟურნალიდან „ლიახონა“, დეკემბერი, 2024
იესო ქრისტე არის „ცოცხალი“, „მყარი“ და „უფრო კეთილი იმედის“ წყარო
ბეთლემში ყრმის დაბადების აღნიშვნის ამ განსაკუთრებულ დროს, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ იესო ქრისტე მოევლინა სამყაროს, რათა ყოფილიყო ჩვენი მხსნელი და გამომსყიდველი.
შობა, შარლოტა ენდრუსის მიერ
პეტრე მოციქული და მორმონის წიგნის წინასწარმეტყველები, იაკობი და მორონი, მსგავსი გზით ხაზს უსვამენ ქრისტესადმი იმედის სულიერ ძღვენს.
მაგალითად, პეტრემ გამოაცხადა: „კურთხეულია ღმერთი და მამა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, რომელმაც თავისი მრავალი წყალობით ხელახლა გვშვა ჩვენ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომით ცოცხალ იმედად “ (1 პეტრე 1:3; ). გთხოვთ, გაითვალისწინოთ, სიტყვა „ცოცხალი“ გამოიყენება „იმედის“ აღსაწერად.
იაკობმა განაცხადა: „ამიტომ, საყვარელო ძმებო, შეურიგდით მას, მისი მხოლოდშობილი ძის, ქრისტეს, გამოსყიდვით და შეძლებთ მიიღოთ აღდგომა აღდგომის ძალის შესაბამისად, რომელიც არის ქრისტეში და იყოთ წარდგენილნი ღვთის წინაშე, როგორც ქრისტეს პირველი ნაყოფი, რწმენით და მასში მიღებული დიდების მყარი იმედით , სანამ ის მოევლინება ხორციელად“. (იაკობი 4:11; ). გთხოვთ, გაითვალისწინოთ, სიტყვა „მყარი“ გამოიყენება „იმედის“ აღსაწერად.
ხოლო მორონიმ განაცხადა: „და ასევე მახსოვს, თქვი, რომ ადამიანისთვის მოამზადე საცხოვრებელი, დიახ, შენი მამის სავანეთა შორის, რის გამოც ადამიანს შეიძლება ჰქონდეს უფრო დიდი იმედი; ამიტომ, ადამიანს უნდა ჰქონდეს იმედი, თორემ ვერ მიიღებს მემკვიდრეობას იმ ადგილში, რომელიც შენ მისთვის მოამზადე“. (ეფერი 12:32; ). გთხოვთ, გაითვალისწინოთ, სიტყვა „უფრო დიდის“ გამოიყენება „იმედის“ აღსაწერად.
რა არის ქრისტეს იმედი?
ქრისტეს იმედის სულიერი ძღვენი არის მარადიული სიცოცხლის მხიარული მოლოდინი „წმინდა მესიის დამსახურებით, წყალობითა და მადლით“ (2 ნეფი 2:8) და სიმართლის აღთქმული კურთხევების ძლიერი სურვილი. ამ სტროფებში მოხმობილი ზედსართავი სახელები „ცოცხალი“, „მყარი“ და „უფრო დიდი“ მიუთითებს აღდგომისა და მარადიული სიცოცხლის მუდმივი და ძლიერი გარანტიის შესახებ იესო ქრისტეს რწმენის მეშვეობით.
წინასწარმეტყველმა მორმონმა განმარტა:
„და კიდევ, ჩემო საყვარელო ძმებო, მინდა გითხრათ იმედის შესახებ. როგორ შეგიძლიათ, მოიპოვოთ რწმენა, თუ არ გექნებათ იმედი?
„და რა არის ის, რისი იმედიც უნდა გქონდეთ? აჰა, გეუბნებით: გექნებათ იმედი, რომ ქრისტეს გამოსყიდვით და მისი აღდგომის ძალით აღდგებით მარადიული სიცოცხლისთვის, მასში თქვენი რწმენის გამო, დაპირების შესაბამისად.
„ამიტომ, თუ ადამიანს აქვს რწმენა, მას უნდა ჰქონდეს იმედი; ვინაიდან რწმენის გარეშე შეუძლებელია რაიმე იმედი“ (მორონი 7:40–42).
მამა ღმერთის ბედნიერების გეგმა
ქრისტეს იმედი, რომელიც არის ცოცხალი, მყარი და უფრო დიდი, იწყება იმის შეცნობით, რომ ღმერთი, მარადიული მამა, ცოცხალია. ის არის ჩვენი მამა, ჩვენ კი მისი სულიერი შვილები ვართ. ჩვენ ფაქტობრივად ღვთის სულიერი ვაჟები და ასულები ვართ და მისგან ღვთაებრივი თვისებები მივიღეთ.
მამა არის ბედნიერების გეგმის ავტორი (იხილეთ აბრაამი 3:22–28). როგორც ღვთის სულიერი ვაჟები და ასულები, ჩვენ „ვაღიარებთ მის გეგმას, რომლის მიხედვით მის შვილებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ ფიზიკური სხეული და ამქვეყნიერი, მიწიერი გამოცდილება, რათა გახდნენ სრულყოფილნი და მიაღწიონ თავიანთ ღვთაებრივ დანიშნულებას, როგორც მარადიული სიცოცხლის მემკვიდრენი“. წმინდა წერილებიდან ჩვენ ვიგებთ: „მამას აქვს ხელშესახები სხეული, ხორცითა და ძვლებით, როგორც ადამიანს, ასევე ძეს“ (მოძღვრება და აღთქმები 130:22). ამრიგად, ფიზიკური სხეულის მიღება აუცილებელია ჩვენი ღვთაებრივი დანიშნულენიკენ მიმავალ პროცესში.
ჩვენ ორმაგი არსებები ვართ. ჩვენი სული, ჩვენი მარადიული ნაწილი, შემოსილია ფიზიკური სხეულით, რომელიც ექვემდებარება მოკვდავის სურვილებსა და მისწრაფებებს. მამა ღმერთის ბედნიერების გეგმა შექმნილია იმისთვის, რომ უზრუნველყოს თავისი შვილებისთვის მიმართულება, დაეხმაროს მათ სახლში უსაფრთხოდ დაბრუნებაში აღდგომილი, ამაღლებული სხეულებით და მიიღონ მარადიული სიხარულისა და ბედნიერების კურთხევები.
The Christ Child [ყრმა ქრისტე], შარლოტა ენდრუსის მიერ
იესო ქრისტეს გამომსყიდველი როლი მამის გეგმაში
იესო ქრისტე არის მარადიული მამის მხოლოდშობილი ძე. ის მოვიდა ამ სამყაროში მამის ნების შესასრულებლად (იხილეთ 3 ნეფი 27:13). იესო ქრისტე არის მამის მიერ ზეთცხებული, რათა იყოს მისი პირადი წარმომადგენელი კაცობრიობის ხსნის ყველა საქმეში. ის არის ჩვენი მხსნელი და გამომსყიდველი, რადგან მან დაამარცხა სიკვდილიც და ცოდვაც.
ალმამ უწინასწარმეტყველა გიდეონის ხალხს მესიის ხსნის საქმის შესახებ:
„და ის ივლის, აიტანს რა ყველანაირ ტკივილსა და ტანჯვას და ცდუნებას; და ეს ყველაფერი იმისათვის, რომ აღსრულდეს სიტყვა, რომელიც ამბობს: ის აიღებს თავის თავზე საკუთარი ხალხის ტკივილსა და ავადმყოფობას.
„და ის თავის თავზე აიღებს სიკვდილს, რათა გაწყვიტოს სიკვდილის ბორკილები, რომლებითაც შებოჭილია მისი ხალხი; და ის აიღებს თავის თავზე მათ უძლურებას, რათა მისი წიაღი წყალობით აღივსოს ხორციელისამებრ, რათა მან შეიცნოს ხორციელის შესაბამისად, თუ როგორ დაეხმაროს საკუთარ ხალხს მისივე უძლურების შესაბამისად.
ახლა, სულმა იცის ყველაფერი; მიუხედავად ამისა, ძე ღვთისა იტანჯება ხორციელისამებრ, რათა საკუთარ თავზე აიღოს თავისი ხალხის ცოდვები, რათა წაშალოს მათი შეცოდებანი თავისი გამომხსნელი ძალის შესაბამისად“ (ალმა 7:11–13).
სახარების პირველი პრინციპია რწმენა უფალ იესო ქრისტესადმი. ჭეშმარიტი ფოკუსირებულია მხსნელზე და მიმართულია მასზე და გვაძლევს საშუალებას, მივენდოთ მას და გვქონდეს სრული ნდობა მისი ძალისა, რათა გვიხსნას სიკვდილისგან, განგვწმინდოს ცოდვისაგან და გვაკურთხოს ძალით, რომელიც აღემატება ჩვენსას.
მორონი მოწმობს: „და ადამიანის გამოსყიდვით, რომელიც მოვიდა იესო ქრისტეს მეშვეობით, ისინი უკან, უფლის გარემოცვაში იქნენ მიყვანილნი; დიახ, ამგვარად ყველა ადამიანი გამოსყიდულია, რადგან ქრისტეს სიკვდილს მოაქვს აღდგომა, რომელსაც მოაქვს მარადიული ძილისგან გამოსყიდვა, ძილიდან, რომლიდანაც ყველა ადამიანი იქნება გაღვიძებული ღმერთის ძალით, როდესაც გაისმება საყვირის ხმა; და გამოვლენ, როგორც პატარები, ასევე დიდები და ყოველი წარსდგება მისი სამსჯავროს წინაშე, გამოსყიდული და გამოხსნილი სიკვდილის ამ მარადიული ბორკილებისგან, სიკვდილის, რომელიც არის ხორციელი“ (მორმონი 9:13).
მე ვმოწმობ, რომ მხსნელმა დაამსხვრია სიკვდილის ბორკილები. ის აღდგა, ის ცოცხალია და ის არის ცოცხალი, მყარი და უფრო დიდი იმედის ერთადერთი შესანიშნავი წყარო.
სულის ღუზა
„ამიტომ, ვინც ღმერთს იწამებს, შეუძლია ჭეშმარიტად ჰქონდეს იმედი უკეთესი ქვეყნისა, დიახ, ღმერთის მარჯვენა ხელის მხარეს, და ეს რწმენიდან წამოსული იმედი იქცევა ადამიანთა სულების ღუზად, რომელიც გააძლიერებს და განამტკიცებს მათ, ყოველთვის აღსავსე კეთილი საქმეებით, რომლებიც გაუძღვებათ წინ ღმერთის სადიდებლად“ (ეფერი 12:4; ).
ბეთლემში ყრმის დაბადების აღნიშვნის ამ განსაკუთრებულ დროს, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ იესო ქრისტე მოევლინა სამყაროს, რათა ყოფილიყო ჩვენი მხსნელი და გამომსყიდველი. ის გვთავაზობს სიცოცხლის ფასდაუდებელ სულიერ საჩუქრებს, სინათლეს, განახლებას, სიყვარულს, მშვიდობას, პერსპექტივას, სიხარულსა და იმედს.
მოგიწოდებთ, სათანადოდ ეძიოთ მხსნელის იმედის სულიერი ძღვენი ძველი და თანამედროვე წინასწარმეტყველების სწავლებებისა და დამოწმებების შესწავლით, უფლის გამომსყიდველი მსხვერპლისა და აღდგომის შესახებ. როდესაც ასე მოიქცევით მე გპირდებით, რომ თქვენი მოწმობა მხსნელის ღვთიურობის შესახებ გაძლიერდება, თქვენი მოქცევა მასზე გაღრმავდება, თქვენი სურვილი და მონდომება, იდგეთ როგორც მისი მამაცი მოწმე გაიზრდება და დალოცვილი იქნებით სულის ღუზით — ცოცხალი, მყარი და უფრო დიდი იმედითაც კი.
მოციქულებთან ერთად, რომლებიც მოწმობდნენ უფალზე საუკუნეების მანძილზე, მე სიხარულით ვაცხადებ ჩემს მოწმობას, რომ იესო ქრისტე არის ცოცხალი ღმერთის ცოცხალი ძე. ის არის ჩვენი მკვდრეთით აღმდგარი მხსნელი განდიდებული, ხელშესახები, ხორცითა და ძვლებით, სხეულით. და ღმერთთან გამოსყიდვისა და შერიგების გამო, რომელსაც უფალი შესაძლებელს ხდის მთელი კაცობრიობისთვის, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ სულიერი გარანტია და ცოცხალი, მყარი და უფრო დიდი იმედი, რომ ყველანი „გაცოცხლდებიან ქრისტეში“ (1 კორინთელთა 15:22).
© 2024 Intellectual Reserve, Inc. All rights reserved. Printed in USA. English approval: 6/19. Translation approval: 6/19. თარგმანი Monthly Liahona Message, December 2024. Georgian. 19296 131