ახალგაზრდების გასაძლიერებლად
იარე ჩემთან
ახალგაზრდების გასაძლიერებლად, იანვარი, 2026


ყოველთვიური გზავნილი ახალგაზრდების გასაძლიერებლად, 2026 წ. იანვარი

იარე ჩემთან

2026 წლის თემა დაგეხმარებათ გახსოვდეთ, რომ როცა ღმერთთან ახლოს ხართ, ის თქვენთან ერთად ივლის — ყოველთვის.

ახალგაზრდა ქალების გენერალური პრეზიდენტობა

მარცხნიდან მარჯვნივ: თამარა ვ. რუნია - პირველი მრჩეველი; ემილი ბელ ფრიმანი - პრეზიდენტი; ანდრეა მუნიოს სპანაუსი - მეორე მრჩეველი

თქვენ მარტო არ ხართ

ოდესმე თუ უთხოვიათ თქვენთვის ისეთი რამის გაკეთება, რაც თქვენი აზრით, არ შეგეძლოთ? იქნებ ფიქრობდით, რომ საამისოდ საკმარისი ძალა ან საზრიანობა არ გქონდათ ან იქნებ წუხდით იმის გამო, რომ სხვები დაგცინებდნენ ან გაგაკრიტიკებდნენ. თუ ოდესმე ასეთი რამ გიგრძვნიათ, თქვენ მარტო არ ხართ.

ათასობით წლის წინათ ცხოვრობდა ადამიანი სახელად ენოქი. ღმერთმა სთხოვა ენოქს, ადამიანებისთვის მონანიება ექადაგა – მათთვის, ვინც დედამიწის არსებობის პერიოდში ყველაზე ბოროტ ადამიანებად ითვლებოდნენ.

ენოქს არ ეგონა, რომ მას ეს შეეძლო. მან უთხრა ღმერთს, რომ ძალიან ახალგაზრდა იყო, ყველას სძულდა და „არ [ეხერხებოდა] ლაპარაკი (იხ. მოსე 6:31).

მაგრამ ღმერთმა ენოქს პირობა მისცა. მან უთხრა შეშინებულ მამაკაცს: „წადი და გააკეთე, როგორც გიბრძანე“ და „მთები დაიქცევა შენ წინაშე და მდინარეები გადაუხვევს თავიანთი კალაპოტიდან; შენ ჩემში დარჩები, მე კი – შენში; ამიტომ, იარე ჩემთან“ (მოსე 6:32, 34).

„იარე ჩემთან“. როგორი უბრალო, მშვენიერი მოწვევაა.

ღმერთი დაჰპირდა ენოქს, რომ თუ საკმარის გამბედაობას გამოიჩენდა და დაიწყებდა, ღმერთი მასთან გზის ყოველ ნაბიჯზე იქნებოდა. ღმერთი გააძლიერებდა ენოქს და იმდენ ღონეს მისცემდა, რომ ის მეტის გაკეთებას შეძლებდა და დაეხმარებოდა მას, გამხდარიყო იმაზე მეტი, ვიდრე მას თავად წარმოედგინა.

მხსნელის მრავალ სახელთაგან ერთ-ერთია ემანუელი ანუ „ჩვენთან არს ღმერთი“ (მათე 1:23). უფლის სახელში და ბუნებაშია ჩვენთან ერთად სიარული. ახლა არჩევანი ჩვენზეა - ჩვენც ვივლით მასთან ერთად?

ახლა ჩვენ ვუყურებთ ენოქს, როგორც რწმენის ადამიანს, დიად წინასწარმეტყველსა და ხელმძღვანელს. მაგრამ სანამ ენოქი წინასწარმეტყველი გახდებოდა, ის ახალგაზრდა ბიჭი იყო, რომელსაც საკუთარ თავში ეჭვი ეპარებოდა, თუმცა მაინც ღმერთთან ახლოს სიარული არჩია.

როცა ცხოვრება რთულია, როცა გრძნობ, რომ თითქოს საკმარისად კარგი არ ხარ რამეში, გაიხსენე უფლის დაპირება ენოქისადმი და თქვენდამი. ის შენს გვერდით ივლის. არცერთ ნაბიჯზე არ მიგატოვებს.

ემანუელი. ღმერთი არს ჩვენთან. ღმერთი არს შენთან!

ახალგაზრდა ქალების გენერალური პრეზიდენტობა

ახალგაზრდა მამაკაცების გენერალური პრეზიდენტობა

მარცხნიდან მარჯვნივ: დევიდ ჯ. ვუნდერლი - პირველი მრჩეველი; ტიმოთი ლ. ფარნსი - პრეზიდენტი; შონ რ. დიქსონი - მეორე მრჩეველი

უფლის დახმარებით თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ

ახალგაზრდა მამაკაცებო, უფალმა, თქვენს მსგავსად, სთხოვა ენოქს, მღვდლობის მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობების შესრულება. მას დაევალა ბოროტი ადამიანებისთვის მონანიების ქადაგება. ენოქმა თავისი ეჭვი გააჟღერა. „მე [ხომ] უბრალოდ ბიჭი ვარ“ - თქვა მან. „ყველა ადამიანს ვძულვარ; … არ მეხერხება ლაპარაკი; მაშ რატომ ვარ შენი მსახური“? (მოსე 6:31).

უფალმა საპსუხოდ გააძლიერა და გადაარწმუნა. „წადი და გააკეთე, როგორც გიბრძანე … . გახსენი ბაგე და აღივსება ის … . ჩემი სულია შენზედ … ; მთები დაიქცევა შენ წინაშე …; ამიტომ, იარე ჩემთან“ (მოსე 6:32, 34).

ენოქმა შეიტყო, რომ როცა უფალი დავალებას გვაძლევს, ჩვენ მას მარტონი არ ვუმკლავდებით. როცა ჩვენ ქრისტესთან აღთქმებს ვდებთ და ვიცავთ მათ, ის ჩვენ გვერდითაა და ჩვენ მის ძალას ვეზიარებით – მის ხელში მისი იარაღი ვხდებით.

ენოქის მსგავსად, თქვენც უმნიშვნელოვანესი როლი გაკისრიათ: მზრუნველობა, ტაძარში მსახურება, ზიარებაში მონაწილეობის მიღება, წმინდა წერილების სწავლა, სახარების სტანდარტებით ცხოვრება, მონანიება, მისიისთვის მზადება და სხვა. შეიძლება ეს მეტისმეტად მოგეჩვენოთ. შესაძლოა თავი არასაკმარისად იგრძნოთ. არა უშავს. ამის კეთება სიმარტოვეში არ მოგიწევთ. მთავარია, დღეს გააკეთოთ არჩევანი – დღეს და ყოველ დღე – იაროთ უფალთან ერთად.

მისი დახმარებით თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ. ის გაგაძლიერებთ, მოგიტევებთ და მოგცემთ ძალას, რომელიც თქვენს ბუნებრივ შესაძლებლობებს აღემატება. თქვენ მას უყვარხართ! ჩვენ, როგორც ახალგაზრდა მამაკაცების გენერალურ პრეზიდენტობას, გვიყვარხართ და მოუთმენლად ველით თქვენთან ერთად 2026 წლის თემის – „იარე ჩემთან“ – შესწავლას.

ახალგაზრდა მამაკაცების გენერალური პრეზიდენტობა